სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია შეფასების უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) საკითხს სწავლობს.
PEFA (Public Expenditure and Financial Accountability) სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის შეფასების მსოფლიოში აღიარებული სისტემაა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად შემუშავებულ ინდიკატორებს ეფუძნება.
უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს მოამზადა 2016 წლის PEFA-ს თვითშეფასების პირველადი ანგარიში. მსგავსი ტიპის შეფასება საქართველოში 2008 და 2012 წლებშიც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გარე აუდიტის კომპონენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასება მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
შეფასების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი და სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე მონაწილეობდნენ.
