სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მსოფლიო ბანკის ექსპერტების პროფესიული ტრენინგები აუდიტორებისთვის 14 ნოემბერი, 2023

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა აუდიტორებისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის წარმოების პროცესთან და ფინანსური აუდიტის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით პროფესიული ტრენინგები ჩაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2024 წლის სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ჩაატარებს, რითაც შეფასდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე მომზადების საფუძვლებთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა სექტორული სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემები.

პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ,,ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის’’ ფარგლებში ხორციელდება და აუდიტორული საქმიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

პროექტის პირველ ეტაპზე აუდიტორებმა შემოსავლების აუდიტის დაგეგმვის, რისკების შეფასებისა და საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის პროცესებთან დაკავშირებული ტრენინგები გაიარეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს პირველად ჩაატარა საგადასახადო შემოსავლების აუდიტი.

ტრენინგებს მსოფლიო ბანკის მოწვეული ექსპერტები ვეინ ბართლეტი და ზურაბ მამუკელაშვილი უძღვებოდნენ.