სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მსოფლიო ბანკმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო 13 ივნისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბანკისა და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდება პროექტი „დიდი მონაცემების ანალიზის ამუშავება მმართველობისთვის“ (Making Big Data Work for Governance Challenge). მისი მიზანია გააძლიეროს აუდიტის სამსახურის ანალიტიკური შესაძლებლობები, აღჭურვოს სამსახური ეფექტური აუდიტის მართვის ინსტრუმენტებითა და მონაცემთა ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფით.

მემორანდუმს ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა მოაწერეს.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებას, როგორც  ადგილობრივი ექსპერტების მიერ, ასევე საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით დისტანციურ-ელექტრონული ფორმით.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სახსრების ეფექტურად ხარჯვას და ეფექტური მმართველობის პრაქტიკას. ასევე, პროექტის შედეგად შეიქმნება ანალიტიკური მონაცემების პროდუქტი, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ISSAI 12), რაც საფუძველს დაუდებს მდგრად თანამშრომლობას მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის.