სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 16 ივნისი, 2023
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 23 მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლებში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონშეუსაბამოდ გაცემული დამატებითი ანაზღაურება - მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 2020-2021 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაცემულია დამატებითი ანაზღაურება, ჯამში −64.6 ათასი ლარის ოდენობით.

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას, რის გამოც საწვავის ხარჯი გაზრდილია. ავტომანქანების რაოდენობის შერჩევის პრინციპი არ არის განპირობებული მუნიციპალიტეტის კონკრეტული საჭიროებით და მიმართულია მოხელეების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ამ ფორმით არ ითვალისწინებს. საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები მუნიციპალიტეტებში სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა დადგენილი ნორმის დარღვევა - მუნიციპალიტეტებში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაქირავებული იყო დადგენილ ნორმაზე მეტი პირი; ზოგ შემთხვევაში დაქირავებულთა ფუნქცია-მოვალეობები საჯარო მოსამსახურეების ფუნქციის იდენტური ან/და დაუსაბუთებელია; არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტები შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედებდნენ არა თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ კონკრეტული პირების დასაქმების მიზნით.

საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯი - მუნიციპალიტეტებმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 3,117.8 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

მივლინების პროცესში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. არსებობს რისკი, რომ ზოგ შემთხვევაში მივლინების საჭიროება განსაზღვრული არ არის, თვითმმართველი ერთეულის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები სამივლინებო თანხებს იყენებდნენ არარაციონალურად.

დოკუმენტურად დაუსაბუთებელი წარმომადგენლობითი ხარჯები - ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებმა სტუმრების კვების ხარჯები გასწიეს კონკრეტული ღონისძიებისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების საჭიროების გარეშე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ხარჯები არაეკონომიურია, რადგან მოსალოდნელ შედეგებზე გავლენა ვერ დგინდება.

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტები პრაქტიკულად არ ატარებდნენ მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტებმა ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ პირველ რიგში გამოეყენებინათ საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები 

ფაქტობრივი დანახარჯების გარეშე ანაზღაურებული თანხები - მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და შესაძლებელია იწვევდეს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. გამარტივებული შესყიდვის დროს მუნიციპალიტეტები ვერ იცავენ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ფასად მიწოდების პირობას.

შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობა

შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენიათ სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუციათ შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურებმა რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო მერიების საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
 

მუნიციპალიტეტებს

რეკომენდაცია №1: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა. იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც აღნიშნული წესი მიღებული აქვთ, უზრუნველყონ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის წესთან შესაბამისობაში მოყვანა.

რეკომენდაცია №2: 

დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით; ასევე მიზანშეწონილია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას და საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხებით შეიმუშაოს წესი საჯარო მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ. წესით მიზანშეწონილია განისაზღვროს მივლინების მიზნები, რომელიც შეესაბამება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და ინტერესებს. დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს ღონისძიებათა გეგმას, მივლინების შედეგების მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენების შესახებ და ასევე მივლინებული პირების მიერ ანგარიშების წარმოდგენას მიღებული ცოდნა/გამოცდილების განვრცობის თაობაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას.

რეკომენდაცია №5: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უმჯობესია განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს გახდის საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, შესაბამისმა სამსახურებმა პირველ რიგში გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები.

რეკომენდაცია №6: 

მერიამ განახორციელოს დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და დასაფინანსებელი პროგრამების შესრულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმების წინასწარი განხილვა და შეფასება − ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები რამდენად სრულად, ნათლად და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული და მათი საშუალებით რამდენად შესაძლებელია სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ამასთანავე, შეიმუშაოს მიდგომა, რითაც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული დასახული მიზნების მიღწევის გზები და იდენტიფიცირებული იქნება მისაღწევი შედეგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან ხარჯვას.

რეკომენდაცია №7: 

მერიამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ა(ა)იპ − კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საჭიროებიდან გამომდინარე, დაგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ზოგადი განვითარებისათვის. აღნიშნული დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ხელს შეუწყობს საქმიანობის კოორდინაციასა და გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №8: 

მერიამ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს მიმწოდებლების თანაბარ პირობებში ჩაყენებასა და საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურ ხარჯვას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა გაატარონ ღონისძიებები ზედმეტად გადახდილი თანხების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დასაბრუნებლად.

რეკომენდაცია №9: 

მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს, ასევე პროცესებში არსებულ რისკებს და გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს. მიღებული შედეგების საფუძველზე სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მათი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.