სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოს (NCA) წარმომადგენლებს შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო აუდიტის სამსახურში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და დანერგილი ცვლილებები, რასაც წლების განმავლობაში ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოსგან გაზიარებული გამოცდილება დაედო საფუძვლად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდმა მიმოიხილა ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოს ექსპერტთა რეკომენდაციების შესრულების შედეგად შექმნილი დოკუმენტები, მიმდინარე პრაქტიკები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ჰოლანდიელმა კოლეგებმა საგანგებოდ აღნიშნეს,რომ საერთაშორისო დახმარების პროექტების ფარგლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციის გაძლიერების პრაქტიკით. ჰოლანდიელმა კოლეგებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოს მხრიდან ესწრებოდნენ ხარისხის ექსპერტები ვილემიან როენჰორსტი და ერიკ ისრაელი ხოლო აუდიტის სამსახურის მხრიდან -აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გოგოლაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ალასანია, წამყვანი აუდიტორი თაია ცისკარაული, დონორებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე და ანალიტიკოს-ასისტენტი მარიამ მარდალეიშვილი.
ორ უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს შორის საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაცვლა და პროფესიული თანამშრომლობა „ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საოლქო პროგრამის“ ფარგლებში უკვე 4 წელია მიმდინარეობს.
