სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულება
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 24% და 28% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,221.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი პროექტები - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 104.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
ინფრასტრუქტურული პროექტის მართვის ხარვეზი - ინფრასტრუქტურული პროექტის მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი არასწორად წარიმართა. შედეგად, სამუშაოები გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში; ასევე, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მერიამ დროულად ვერ უზრუნველყო ბაღისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, შენობის ინვენტარით აღჭურვა და სასწავლო პროცესის დაწყება. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო.
შესყიდვების მართვა
ბაზრის კვლევის ხარვეზები - მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე. ამდენად, არსებობს რისკი, რომ მერიამ შესყიდვების ფასები განსაზღვრა არასაბაზრო ღირებულებებით და გასწია არაეკონომიური ხარჯი.
საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში, მერიამ საჯარიმო სანქციების დარიცხვის დროს, არ გაითვალისწინა სახელშეკრულებო პირობები და მიმწოდებლებზე გაავრცელა 36.7 ათასი ლარით ნაკლები საჯარიმო სანქცია. ერთ შემთხვევაში მერიამ ვერ დაიცვა მუნიციპალიტეტის ინტერესები და არ მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება 16.4 ათასი ლარის ოდენობით; ასევე მერიამ ვერ უზრუნველყო 40.6 ათასი ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 115.0 ათასი ლარი დახარჯა საინფორმაციო, არასოციალური სარეკლამო სახის მომსახურების შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის ადეკვატურობა.
მუნიციპალური ქონების მართვა
ქონების მართვის ხარვეზები - ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ნაკლოვანებებით: ქონების ნაწილს შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე იყენებდნენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიდნენ; ასევე ქონება იურიდიულ პირზე გადაცემულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსაკრებლები მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
მოსაკრებლები
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს საბიუჯეტო შემოსავალს.