პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა.
„საქართველოს პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი დღეს გენერალურ აუდიტორად აირჩია. როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, ის თქვენი სამსახურისთვის უცხო არ არის. აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგი, რიგ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურის ინტერესის სფეროში. არაერთი საქმე ყოფილა, რომელიც თქვენი სამსახურის მიერ გამოვლენილა და შემდეგ უკვე პროკურატურიდან ყოფილა ამაზე რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გიორგი გაბიტაშვილის პროფესიული გამოცდილება აუდიტის სამსახურს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება. „დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. პარლამენტის და მთავრობის მოლოდინიც ეს არის, რომ სწრაფ რეჟიმში გვქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ვადევნოთ საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.
გენერალური აუდიტორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. მანამდე მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს სტრატეგიული ხედვები გააცნო.
გენერალურმა აუდიტორმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობების გაძლიერება საპარლამენტო ზედამხედველობის და კარგი მმართველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; აუდიტორული საქმიანობის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს აუდიტის რეკომენდაციების აუდიტის ობიექტების მიერ დროულად და ეფექტიანად შესრულებას; სამსახურის სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულება; საჯარო სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტისა და რეალურ დროში მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით რისკების პრევენცია; საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების გაძლიერება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მუდმივი უზრუნველყოფა.

