პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მორიგ სხდომაზე აუდიტის სამი ანგარიში განიხილეს.
სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში ჯგუფის წევრებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინა. აუდიტის ობიექტი დაეთანხმა შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ასახულ მიგნებებს და რეკომენდაციების შესრულების გეგმაზეც ისაუბრა.
აუდიტორებმა პარლამენტარებს პრეზენტაცია წარუდგინეს ეფექტიანობის ორი აუდიტის შესახებაც: „ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიშის“ შესახებ ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა, ხოლო „ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშის“ შესახებ სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა. პრეზენტაციებში წარმოდგენილი იყო აუდიტის პროცესში გამოკვეთილი მიგნებები, გამოწვევები და მათ დასაძლევად შემუშავებული რეკომენდაციები.
აუდიტის ობიექტებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიზიარეს აუდიტორთა მიერ გაცემული რეკომენდაციები და იმ ღონისძიებების გეგმა წარმოადგინეს, რომელიც რეკომენდაციების შესასრულებლადაა აუცილებელი.
აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომას აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) ექსპერტები ბეკი კენედი და სტივენ ლორდი ესწრებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან და აუდიტორებისთვის ტრენინგებს ატარებენ.