სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა სამი აუდიტის ანგარიში მოისმინა 20 ივნისი, 2023

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ორი შესაბამისობის და ერთი ფინანსური აუდიტის ანგარიში განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის წევრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა მეგი კოდოშვილმა წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში გაცემული 15 რეკომენდაცია მოიცავს აქტივების რაციონალური მართვის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, გამოუსადეგარი ქონების დროულად ჩამოწერას ან სხვა ფორმით განკარგვას, საჭირო საფრენი აპარატებისა და მცურავი საშუალებების განახლების უზრუნველყოფას და ავტოპარკის ოპტიმიზაციას.

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის – „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივის“ აუდიტის მიგნებების შესახებ ეკონომიკის საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა ისაუბრა. აუდიტის ობიექტის მიმართ გაცემული  რეკომენდაცია, შესყიდული მარაგების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, პროდუქციის ვადებზე სათანადო კონტროლის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს.

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა. უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაიცა ოთხი რეკომენდაცია, რომელთა თანახმად, მიზანშეწონილია ავტორიზაციის პროცესზე სამართლიანი საფასურის განსაზღვრა, საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურებაზე კონტროლის მექანიზმების დანერგვა და სასწავლო პრაქტიკის ხარისხის ამაღლება.

განხილული ანგარიშების საპასუხოდ, აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს. 

სამუშაო ჯგუფის სხდომას აუდიტორებთან ერთად ესწრებოდა გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, რომელიც პარლამენტარების კითხვებს პასუხობდა.