პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მორიგ სხდომაზე ორი ანგარიში განიხილა.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის’’ ანგარიში პარლამენტის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარუდგინა. პრეზენტაციაში მოცემული იყო მიგნებები, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ და სხვა პროგრამების აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა. სამუშაო ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტებს მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. სხდომაზე შეჯერდნენ, რომ აუდიტის ობიექტი - ეკონომიკის სამინისტრო, აუდიტის რეკომენდაციების შესრულების გრაფიკს წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიც“ მოისმინეს. ანგარიშში ასახული აქტუალური მიგნებების შესახებ კითხვები ჰქონდათ პარლამენტის წევრებს, რომელთაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა უპასუხეს. ჯანდაცვის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები ეთანხმებიან აუდიტის ანგარიშში გაცემულ რეკომენდაციებს და მათი ნაწილი უკვე შესრულებულია.
პარლამენტის წევრების კითხვებს ასევე უპასუხეს გენერალური აუდიტორის მოადგილეებმა დავით გოგიჩაიშვილმა და ეკატერინე ღაზაძემ.


