სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში ეფექტიანობის ორი აუდიტის ანგარიში განიხილეს 06 დეკემბერი, 2022

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტორებმა ეფექტიანობის ორი ანგარიში წარადგინეს.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტის“ შესახებ თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისდა უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა ისაუბრა. 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა  და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 14 რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ითვალისწინებს სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების მაქსიმალურად გამოვლენას, ვიდეოკონტროლის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებასა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის გაძლიერებას.

სამუშაო ჯგუფის წევრებს „ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა გააცნო.

ეფექტიანობის ანგარიშის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულია 10 რეკომენდაცია, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად წარმართვას, ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანად განხორცილებას.

გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა აუდიტორებთან ერთად სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. შეხვედრის მონაწილე აუდიტის ობიექტებმა განაცხადეს, რომ ეთანხმებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.