სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში სამი აუდიტის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს  22 ნოემბერი, 2022

COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტების და ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინეს სახელმწიფო აუდიტორებმა აუდიტის ანგარიშების განმხილველ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში აუდიტორებმა შეისწავლეს ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უწყვეტობის პოლიტიკა და კოორდინაცია, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მიგნებების საფუძველზე გაცემულია ხუთი რეკომენდაცია. 

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტით აუდიტორებმა შეაფასეს, რამდენად უზრუნველყოფს დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები დასახული მიზნების მიღწევას, ბენეფიციართა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. მიგნებების საფუძველზე გაცემულია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და დასახული ამოცანების ეფექტიან მიღწევაზე ორიენტირებული 15 რეკომენდაცია. 
 
ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ასახული მიგნებები მოიცავს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვისა და შრომითი ანაზღაურების საკითხებს. მიგნებების საფუძველზე გაცემულია რვა რეკომენდაცია.  

აუდიტების მიგნებები და რეკომენდაციები პარლამენტარებსა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინეს.  

სამუშაო ჯგუფის სხდომას აუდიტის ობიექტები ესწრებოდნენ, რომლებმაც რეკომენდაციების შესრულების სტატუსი და უკვე შესრულებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა, აუდიტორთა ჯგუფის წევრებმა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხეს.