სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილეს  24 ივნისი, 2024

აუდიტის ანგარიშების განმხილველი საპარლამენტო ჯგუფის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს; პროკურატურის; სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის – „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილეს.  

ფინანსური აუდიტების მიგნებები და რეკომენდაციები დეპუტატებს და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა. 

საერთო ჯამში, ანგარიშებზე გაიცა ხუთი პირობითი, ორი უარყოფითი და ერთი არამოდიფიცირებული მოსაზრება. ფინანსური აუდიტების მიგნებები მოიცავს აქტივების მართვის, მოთხოვნების და ვალდებულებების, აღრიცხვა-ანგარიშგების, კონტროლის ზოგადი მექანიზმების საკითხებს, რომელთა გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 62 რეკომენდაცია გასცა.

აუდიტის ობიექტებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და მათი შესრულების გეგმა წარმოადგინეს.