პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით ჩატარებული აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ და „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობის“ აუდიტების ანგარიშების მიგნებები და რეკომენდაციები ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტორებმა წარუდგინეს.
გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამაზუსტებელი კითხვებით მიმართეს აუდიტის ობიექტებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აუდიტის ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმებსა და რიგ შემთხვევებში, მათი შესრულების სტატუსს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ანგარიშები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა შეყილაძემ წარუდგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და აუდიტის ობიექტი ორგანიზაციების წარმომადგენლები.