სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფისა და გარემოს დაცვის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა.
აუდიტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე. საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ 2016 წელს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა ავტოტრანსპორტის დაახლოებით 76%-ს, რომელსაც ტექნიკური შემოწმების ვალდებულება გააჩნდა. ასევე საპატრულო პოლიციას შესაბამისი ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან არ ჰქონდა წვდომა და არ იყო ინფორმირებული რომელ ტრანსპორტს არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო ინსპექტირება.
აუდიტის ანგარიშში რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები მიეცა, მათ შორის დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეკომენდაციებს შორის იყო მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგის გამკაცრება, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება და განახლება, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვა; პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე ადმინისტრირების დაბალი მაჩვენებლის აღმოფხვრა, ტექნიკური ინსპექტირების არქონის შემთხვევაში არსებული დაბალი ჯარიმების გადახედვა და სხვა.
რეკომენდაციებსა და აუდიტის სამსახურის მიგნებებზე მოსაზრებები გამოთქვეს აუდიტის ობიექტებმა - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა.
„თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა.
სამუშაო ჯგუფს ანგარიშის პრეზენტაცია ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარუდგინა. სამუშაო სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეკელიშვილი ესწრებოდნენ.
