სტარტაპების განვითარება შესაძლოა მივიჩნიოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად, რომელიც დაკავშირებულია ახალი ბაზრების, სავაჭრო გზების, სამუშაო ადგილების შექმნასთან და ბიზნესის უკეთესად მართვის შესაძლებლობის გაზრდასთან. სტარტაპები ამავდროულად წარმოადგენენ ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის დონეზე სტარტაპებისთვის მოტივაციის გაზრდის აუცილებლობას და მათთვის ჯანსაღი სტარტაპ გარემოს შექმნისთვის სათანადო შესაძლებლობების მიცემას.
სტარტაპ ბიზნესი ითვლება მაღალი რისკის მატარებელ მიმართულებად, თუმცა წარმატებული პროექტების შემთხვევაში, პროექტიდან მიღებული სარგებელი გაცილებით აღემატება მასზე გაწეულ დანახარჯებს.
შპს „ სტარტაპ საქართველომ“ და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად განახორციელეს არაერთი აქტივობა, თუმცა რიგი საკითხები კვლავ აქტუალურია და საჭიროებს სათანადო ღონისძიებების გატარებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშის ფარგლებში შეაფასა 2016-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
პროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლების ნაკლოვანებები
პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია პროგრამის მიზნები და ბიუჯეტი, თუმცა არ არის გაწერილი, რა პერიოდში უნდა მოხდეს აღნიშნული თანხების ათვისება, ხოლო პროგრამის მიზნები ზოგადია და არ მოიცავს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლების განმარტებას.
მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების დაფინანსება, თავისი შინაარსით მრავალი განუსაზღვრელობის არსებობის პირობებში, მოიაზრება მაღალი რისკების მატარებელ სფეროდ, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა დროის შესაბამის პერიოდში ითვალისწინებდეს ბიუჯეტის განაწილებას და მისაღწევი შედეგების უფრო კონკრეტულ და გაზომვად მაჩვენებლებში ასახვის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მიმდინარეობის შეფასებას და დასახული მიზნების ეფექტიან მიღწევას.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტი, თუმცა შპს „სტარტაპ საქართველოს“ და სსიპ − ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს არ შეუფასებიათ, აღნიშნული შედეგები რამდენად უზრუნველყოფდა დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, ვინაიდან დადგენილებით არ იყო განსაზღვრული პროგრამით მისაღწევი მიზნებისა და შედეგებისთვის გასათვალისწინებელი გაზომვადი ინდიკატორები.
სტარტაპ გარემოს მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
ჯანსაღი და კონკურენტული სტარტაპ გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის პოტენციალის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს სტარტაპებთან დაკავშირებული სისტემური და სტრუქტურირებული მიდგომები.
ქვეყანაში არ არსებობს სტარტაპ სუბიექტების შესახებ ერთიანი განმარტება, შედეგად რთულია დადგინდეს, რეალურად როდის და რა პერიოდით ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე აღნიშნული სტატუსი; ასევე არ იწარმოება სტარტაპების შესახებ ერთიანი მონაცემები, მათი აქტივობების, დაფინანსების, ფინანსური შედეგების, საქმიანობის პერიოდის და სხვა დეტალების შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა სტარტაპების მიმართულებით ქვეყანაში არსებული ძირითადი მიმართულებების ანალიზს, ინვესტორების მოზიდვას და მომავალი ტენდენციების პროგნოზებს.
პროექტების დაფინანსების პროცესის ნაკლოვანება
აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლინდა დაფინანსებული სტარტაპების მიერ აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოთხი პრეცედენტი, როგორებიცაა: აქტივების დაზიანება, აქტივების რეალიზაცია პარტნიორთა შეთანხმების გარეშე, აქტივების შეძენა, შემდგომი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე და მათზე წვდომის შეზღუდვა.
შპს „სტარტაპ საქართველო“ პროექტების დაფინანსებისას იყენებს ერთგვაროვან მიდგომას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი პროექტი კლასიკური ბიზნესის გაუმჯობესებული ვერსიაა, რაც გარკვეულწილად ქმნის მეტი გათვლების და პროგნოზების შესაძლებლობას, პროექტების წარუმატებლად განხორციელების რისკების შესამცირებლად.
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული სტარტაპ პროექტები მაღალი რისკის შემცველია, რასაც მოწმობს, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსების ფარგლებში წარუმატებელი პროექტების რაოდენობა, სადაც ყველაზე მაღალი წილი მოდის IT პროექტებზე. აღნიშნულს ემატება ის ფაქტიც, რომ IT პროექტებზე გაწეული ხარჯების უმეტესი ნაწილი მოდის დეველოპერულ პროცესებზე, რისი რეალიზაციაც, თანხების მობილიზების მიზნით დაფინანსებული სტარტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, ნაკლებად არის მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ სს „საპარტნიორო ფონდის“ მონიტორინგისა და შიდა აუდიტის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, 2017 წლიდან შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ IT პროექტები არ დამტკიცებულა.
პროექტის დაწყებიდან (2016 წელი) დღემდე ცალკეული პროექტის დაფინანსებისთვის განკუთვნილი 100,000 ლარის დღევანდელი ღირებულება, სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით (ფასების ზრდა და ა.შ.) შემცირებულია, რაც ზრდის პროგრამით დასახული მიზნების სათანადოდ შესრულების რისკებს.
დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის ნაკლოვანება
მართვა და მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროგრამის მიზნების სათანადოდ და ეფექტიანად განხორციელების ხელშესაწყობად. შპს „სტარტაპ საქართველო“ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ატარებს გარკვეული სახის ღონისძიებებს, თუმცა აუდიტის პროცესში გამოვლენილი შემდეგი ნაკლოვანებების საპასუხოდ საჭიროა დამატებითი ქმედებების განხორციელება:
- შპს „სტარტაპ საქართველო“ არ ამზადებს წლიური საქმიანობის შესახებ ერთიან ანგარიშს, სადაც ასევე აისახებოდა სრულყოფილი და შეჯამებული ინფორმაცია პროექტების ფარგლებში დასაქმებულების შესახებ, თუმცა პერიოდულად აწარმოებს ბენეფიციარ კომპანიებში დასაქმებულთა შესახებ სტატისტიკას;
- სტარტაპების საქმიანობის ვიზუალური დათვალიერების პროცესი არ იყო სათანადოდ შემუშავებული, შედეგად რთული იყო დადგენა, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდა მონიტორინგისთვის სტარტაპების შერჩევა. აღსანიშნავია, რომ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე შპს „სტარტაპ საქართველომ“ დაიწყო პროექტების ადგილზე მონიტორინგის კრიტერიუმების შემუშავება, რის ფარგლებშიც გამოსცა ბრძანება და განახორციელა ადგილზე ვიზიტები;
- შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ არ არის შემუშავებული საკმარისი აქტივობები ისეთ პროექტებზე, რომელთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული აქვთ საქმიანობა ან ვერ უზრუნველყოფენ მოგების მიღებას;
- პროგრამის მიმდინარეობის პროცესში ორ პროექტს გაუხანგრძლივდა 5-წლიანი ვადა, რაც არ იყო სათანადოდო დასაბუთებული, თუმცა 2022 წლის ბოლოდან აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკები, რომ შპს „სტარტაპ საქართველომ“ დროულად ვერ გამოავლინოს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და, შედეგად, საჭიროების შემთხვევაში ვერ მიიღოს სათანადო ზომები.
პროექტების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშესაწყობის მიზნით გამოვლენილი გამარჯვებული 20 პროექტიდან, მიმდინარე პერიოდში გამოსყიდულია ორი პროექტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ:
- პროექტის მიმდინარეობის პროცესში სტარტაპ კომპანიები სააგენტოსთან შეუთანხმებლად ახორციელებდნენ ბიუჯეტის ცვლილებას, რაც ვერ ჩაითვლება კარგი პრაქტიკის მაგალითად, ვინაიდან აღნიშნული ზრდის არამიზნობრივი ხარჯების გაწევის შესაძლებლობას და წარმოშობს პროექტების არაეფექტიანად განხორციელების რისკებს;
- სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში არ ხდებოდა სტარტაპებისგან პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა და მათი ადგილზე პერიოდული მონიტორინგი, რაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს.
შედეგად, სააგენტო არ არის სათანადოდ ინფორმირებული პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც არ აძლევს მას საშუალებას დროულად გამოავლინოს პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული ის რისკები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების დაფინანსება, მათი ბუნებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის მატარებელია, მნიშვნელოვანია სააგენტოს შემუშავებული ჰქონდეს დაფინანსებული პროექტების შემდგომი განხორციელების მონიტორინგის ისეთი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს მათი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებულ რისკებს.