სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 29 აპრილი, 2021
პროფესიული განათლების სისტემის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019, 2018

უმუშევრობა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორთან. ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირება ქმნის. ამ მიმართულებით სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა გაზარდოს პროფესიული განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წელს ჩაატარა პროფესიული განათლების ეფექტიანობის აუდიტი. აღნიშნული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ასევე გატარებული რეფორმებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, განხორციელდა შემდგომი რეაგირების აუდიტი, რომელმაც მოიცვა 2018-2020 წლების პერიოდი.

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრიორიტეტების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის, სასწავლო პროცესების მართვასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიანობის საკითხები,  ასევე პროფესიული განათლების დაფინანსების ეკონომიურობისა და რაციონალურობის საკითხები. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ თავდაპირველი აუდიტით გათვალისწინებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სამინისტროს მიერ შესრულდა, თუმცა კვლავ აქტუალურია სხვადასხვა ნაკლოვანება, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობა, კერძოდ: 

პროფესიული განათლების პროგრამების თავსებადობის ნაკლოვანებები შრომის ბაზრის მოთხოვნებთან

გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს მხოლოდ 35%. გამოკითხულ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით დასაქმებული არ არის, რაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, გამოწვეულია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებით. 

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის მიხედვით (2013-2020 წწ.), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლები შესაბამისობა შრომის ბაზრის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნებთან. სტრატეგიით დაგეგმილი იყო ოთხი ამოცანისა და 18 აქტივობის განხორციელება, თუმცა არ იყო განსაზღვრული კონკრეტული აქტივობების შესრულების ვადები, განმახორციელებელი ორგანო, ბიუჯეტი, მისაღწევი შედეგები და შესრულების ინდიკატორები. 

შრომის ბაზრის ანალიზის მიმართულებით, სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად წარმოჩენილია რეგულარული ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევის დანერგვის აუცილებლობა.

საჯარო პროფესიული სასწავლებლები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სასწავლო პრიორიტეტებს. აღნიშნულ პროცესში მათთვის ხელმისაწვდომია ზოგადი კვლევები, თუმცა როგორც შედეგებიდან ჩანს და ასევე სასწავლებლებთან ინტერვიუებითაც დასტურდება, აღნიშნული კვლევები საკმარისად დეტალიზებული და რეგიონების გათვალისწინებით წარმოდგენილი არ არის, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებს არ გააჩნიათ კვლევის ჩატარების საკმარისი უნარები და მექანიზმები. 

ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები გარკვეული რაოდენობით სტუდენტებს იღებენ ისეთ სპეციალობებზე, რაზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ და ასევე აღნიშნული მიმართულებით დაუსაქმებელია უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილი. 

აღნიშნულის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული დარგები, რომლებიც საკადრო დეფიციტით გამოირჩევა, თუმცა პროფესიული სასწავლებლების შეთავაზებული პროგრამები ვერ ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. 

გარდა აღნიშნულისა, სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის (რაოდენობის) განსაზღვრისას, არ არის გათვალისწინებული ბაზარზე არსებული მოთხოვნები, რაც ასევე ქმნის პროგრამის შრომის ბაზართან თავსებადობის პრობლემას. 

დადებითად უნდა შეფასდეს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების მიმართულებით, რომელიც წინა აუდიტით რეკომენდაციის სახით იყო გაცემული. მიუხედავად ამისა, კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებისთვის პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრისა და სტუდენტების მიღების უნიფიცირებული მექანიზმები დადგენილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არსებობს საჯარო და კერძო სასწავლებლებს შორის კონკურენციის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.

სასწავლო პროცესების მართვის ნაკლოვანებები 

პროფესიული განათლების სწავლის ხარისხს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც სასწავლო პროცესებზე, ასევე სწავლის შედეგებზე. საბოლოოდ, აღნიშნულმა პროცესებმა უნდა უზრუნველყოს პროფესიული ცოდნით დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. 

წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ, შეიქმნა პროფესიული სტანდარტები, რომლებმაც უზრუნველყო ყველა სასწავლო დაწესებულებებისთვის ერთიანი ჩარჩოს ფორმირება, ასევე შეიქმნა სასწავლებლების თვითშეფასების მექანიზმი. კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, შეიქმნა დუალური პროგრამა, რაც უკავშირდება კერძო კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებასა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. 2019 წლიდან ფორმალური განათლების ნაწილი გახდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, სადაც მაღალია კერძო სექტორისა და პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობა.

სამინისტროსა და ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა-განხორციელების საკითხები. კერძოდ, არ არის შემუშავებული პროფესიული სასწავლებლების გარე შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები (მაგალითად, შეფასება დამსაქმებელთა და მასწავლებელთა მხრიდან), შეფასების პროცესში არ არის ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, თუმცა პერიოდულად ხორციელდება დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევა. 

ჩატარებული კვლევის მიხედვით, საწარმოთა 2% (1,123 საწარმო) თანამშრომლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, თუმცა მათ 10%-ს უახლოეს მომავალში აქვს თანამშრომლობის სურვილი. აღნიშნული კი მიუთითებს მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე, გაიზარდოს თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტ შესაძლებლობას.

პროფესიული განათლების დაფინანსებაში არსებული ნაკლოვანებები

პროფესიული სასწავლებლების თანაბარი განვითარებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი ხარისხის სწავლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს დაფინანსების ქმედითი მექანიზმები. აღნიშნული მიმართულებით, წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციების რიგი ასპექტები შესრულებულია: ვაუჩერული დაფინანსების ფიქსირებული მოდელი შეიცვალა და დაინერგა ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნა როგორც სპეციალობებში განსხვავებულ მაჩვენებლებს, ასევე სტუდენტების რაოდენობას; მოწესრიგდა სტუდენტთა მონაცემთა ბაზები, ვაუჩერული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცათ კერძო კოლეჯებს, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, თუმცა დაფინანსების ახალი მოდელის მიმართულებით გამოვლინდა სხვადასხვა ნაკლოვანება, კერძოდ:

სასწავლებლების პროგრამული დაფინანსების ნაწილში − სამინისტროს მიერ არ შესრულებულა თავდაპირველი აუდიტით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გასაწევი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას. პროგრამული დაფინანსების საფუძველია სასწავლებლის სამინისტროსთვის მიმართვა და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, თუმცა არ გაანალიზებულა, რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად დაწესებულება, ასრულებენ თუ არა სწავლას სტუდენტები და ა.შ. პროგრამული დაფინანსება არ უკავშირდება სასწავლებლის წარმატებას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მსგავსი ტიპის სასწავლებლებში განსხვავებულია ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება და რაოდენობა. არ არის საკმარისად არგუმენტირებული არსებული განსხვავების რაციონალური მიზეზები და დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობა, რაც, შესაძლოა, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის წინაპირობა იყოს. სამინისტროს განმარტებით, შესაბამისი მოდელის შექმნის მიზნით მიმდინარეობს დაფინანსების სისტემის ცვლილება.

სამინისტროს მიერ ჯამურად სასწავლო დაწესებულებებზე გაცემული პროგრამული დაფინანსება 2018 წელს ვაუჩერული დაფინანსების 71%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს − 64%-ს, რაც მაღალი მაჩვენებელია და რომლის შემცირებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ რეკომენდაცია მიიღო დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც.

ვაუჩერული დაფინანსების ნაწილი − ვაუჩერული დაფინანსების მოდელი მოდიფიცირებას საჭიროებს როგორც განფასების, ისე სამინისტროს მიერ სასწავლებლებში დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიების მიზნობრიობის კონტროლის ნაწილში. 

ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება − არ არის შემუშავებული პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო გეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრის წესი. შედეგად, სხვადასხვა დაწესებულებაზე გაცემულია დაფინანსება, თუმცა ვერ დგინდება პრიორიტეტულობა და პროფესიული სასწავლებლების თანაბარი ფინანსური უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით. ამ ეტაპზე არ არის ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა დეტალური საჭიროებები სხვადასხვა რეგიონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან თავსებადობის მიზნით, სამინისტრომ: 
    • უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება; 
    • დაადგინოს კრიტერიუმები, თუ რა ტიპის და მასშტაბის კვლევა/მსჯელობა იქნება მისაღები პრიორიტეტული პროგრამის დასაბუთებულობის უზრუნველსაყოფად (აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული მოთხოვნის დასაბუთებისთვის).
  • სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტრომ გააუმჯობესოს სტუდენტთა ზღვრული ოდენობების განსაზღვრის წესები და გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონების მიხედვით; 
  • კერძო და საჯარო სასწავლებლებს შორის კონკურენციისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფისთვის, გააუმჯობესოს კერძო სასწავლებლებისთვის ვაუჩერული დაფინანსების არსებული სისტემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უნიფიცირებული მექანიზმების დანერგვა და კერძო და საჯარო სასწავლებლებში სტუდენტის მიღების ერთიანი წესის დანერგვა.

სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს: 

  • პროფესიული სასწავლებლების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად: 
    • საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარების შესაბამისად გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა გარე მექანიზმები; 
    • დაინერგოს სასწავლებლის თვითშეფასების შედეგების ანალიზი, სისტემური ნაკლოვანებების გამოვლენის, გაუმჯობესების სტრატეგიისა და რეკომენდაციების გაწერის მეთოდები;
    • შემუშავდეს თვითშეფასების დოკუმენტის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის კრიტერიუმები. 
  • დაინერგოს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება კურსდამთავრებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების სრულფასოვანი და რეგულარული შეფასება. უკუგების მიღება დაეხმარება სამინისტროს და სასწავლებლებს პროგრამების განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების განსაზღვრაში;
  • სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტრომ დაგეგმოს აქტიური ღონისძიებები მათი დაინტერესების, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით (ვიზიტების, შეხვედრების, კონფერენციების და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით). აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესებში რეგიონული დამსაქმებლების ჩართულობის ზრდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • დაფინანსების სამართლიანი და თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ დაფინანსების თითოეული კომპონენტისთვის შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები: 
    • პროგრამული დაფინანსების პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს მეთოდოლოგია და კრიტერიუმები (სტუდენტთა კონტინგენტი, სასწავლებლის პროფილი, თანამშრომელთა რაოდენობრივი სიდიდე და სხვ.), რომელთა საფუძველზეც სასწავლებლებს მიეცემათ თანაბარი განვითარების შესაძლებლობა; 
    • ვაუჩერული დაფინანსებისთვის განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი ეკონომიით სარგებლობის წესი და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, წარმოქმნილი ეკონომიების შესწავლისა და ანალიზის მიზნით; 
    • ვაუჩერული დაფინანსებისთვის შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ვაუჩერის განფასების დათვლას და გამოირიცხება ხელით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები; 
    • დაინერგოს პროფესიული სასწავლებლების შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა, რისთვისაც უნდა შემუშავდეს სასწავლებლების შეფასების ინდიკატორები და კრიტერიუმები. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკა.
  • პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამართლიანი უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, განსაზღვროს ინდიკატორები და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე დადგინდება ახალი კოლეჯების მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაობის საჭიროებები.