სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 28 აპრილი, 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლის აბზაცში აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.