სახელმწიფო აუდიტის სამსახური

27 იანვარი, 2017
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2015 წლის შესაბამისობის ანგარიში

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

დეპარტამენტის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა „ორთაბათუმი-მასაურის“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა მოქმედი რეგულაციებისა და მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების დაუცველად;

დეპარტამენტმა       საავტომობილო გზა „შუახევი-უჩამბას“ მონაკვეთზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება მიმწოდებელთან, სახელშეკრულებო ღირებულებით 940 450 ლარი. დეპარტამენტმა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება, განახორციელა იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლის მიერ არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისი საექსპერტო დასკვნა;

დეპარტამენტმა 2015 წლის განმავლობაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში განახორციელა 1 535 845 ლარის გადახდა იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ;

2015 წელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში არსებული მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ირიცხებოდა დეპარტამენტის ბალანსზე. მოქმედი კანონმდებლობით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობით, ორგანიზაციაში გაიზრდება წმინდა ღირებულება, როგორც სხვა ეკონომიკური ნაკადი, რაც დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.