სახელმწიფო აუდიტის სამსახური

28 ოქტომბერი, 2016
საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა რამდენად უწყობს ხელს მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის პროგრამა და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები პროგრამის ბენეფიციარებში შესაძლო შრომითი დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასა და პრევენციას. აუდიტის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტული სტრატეგიული დოკუმენტი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. ამასთანავე, სამინისტროს კონსოლიდირებული სახით არ გააჩნია ინფორმაცია ოჯახის სარეიტინგო ქულასთან დაკავშირებული დამატებითი დახმარებებისა და შეღავათების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ბენეფიციარების დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფებისათვის დასაქმებამ შესაძლოა გამოიწვიოს დახმარების ჯამური ოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფებისათვის ყველაზე დიდია დემოტივაცია ფორმალურ შრომით ბაზარზე გასასვლელად. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულასთან დაკავშირებული დამატებითი დახმარებები განსაზღვრულია არაკოორდინირებულად სხვადასხვა უწყების მიერ, რაც ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფებისათვის დახმარების თანდათანობით შემცირებას დასაქმებით მიღებული შემოსავლის სარეიტინგო ქულაზე ასახვის შემთხვევაში.

არსებული დიზაინით, საარსებო შემწეობის პროგრამა არ ითვალისწინებს რაიმე ფორმალური მოთხოვნებისა და პირობების არსებობას პროგრამის შრომისუნარიანი ბენეფიციარების მიმართ. შესაბამისად, სახელმწიფო არ არის საკმარისად პროაქტიული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა შრომითი წახალისების მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს ბენეფიციართა დასაქმებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამებში დაბალი ჩართულობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს.

გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობისათვის, დასაქმება დახმარების დაკარგვასთანაა გაიგივებული. აღნიშნული, იმ გარემოებასთან ერთად, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვერ აწვდიან ბენეფიციარებს ინფორმაციას სხვადასხვა ფაქტორების სარეიტინგო ქულაზე გავლენის შესახებ, მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს ბენეფიციართა ინფორმირებულობის მიმართულებით. არსებობენ ბენეფიციართა ჯგუფები, რომელთა მიერ გარკვეულ ფარგლებში დამატებითი შემოსავლის მიღება  დახმარების მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს. ამგვარი ბენეფიციარების ინფორმირება დადებითად აისახება მათ შრომით მოტივაციაზე.

წინამდებარე ანგარიშში განხილულია ის წინაპირობები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბენეფიციართა შრომითი წახალისების მიმართულებით. ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული წინაპირობების შექმნას.