სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 19 მარტი, 2021
საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ადამიანური რესურსების განვითარებისთვის აუცილებელია კარგი განათლება და უნარების განვითარება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, განათლების სისტემა წარმატების მისაღწევად საჭიროებს ძალისხმევის გაგრძელებას საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის, ცოდნის გაღრმავების გაძლიერებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კადრების, ასევე სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის. ამ მიზნით, 2014 წელს შეიქმნა „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელსაც ახორციელებს სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფს სისტემაში არსებული მექანიზმები საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობასა და მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზებას. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში. განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით;
  • ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისია თითოეული ქვეყნისთვის ამტკიცებს ზღვრულ ოდენობას, თუმცა არ არსებობს კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, 2016 წლიდან არ განხორციელებულა ზღვრული ოდენობის კორექტირება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით. განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და პერიოდში, სხვადასხვა სტუდენტზე ამ მიზნით გაცემული დაფინანსება;
  • ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები არ არის დეტალური, იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას. შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები;
  • ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის − აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას;
  • ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები. კერძოდ, ცენტრს ეფექტიანობის შეფასების მიზნით არ ჩაუტარებია სათანადო კვლევა და ანალიზი. ამასთანავე, სამინისტროს არ შეუსწავლია ცენტრის საქმიანობა გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი ხარჯვისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების დასადგენად, ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით; 
  • ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.
     

რეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს

რეკომენდაცია N1: 

რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოფილ იქნეს იმ მიმართულებებისა და დარგების იდენტიფიცირება, სადაც არსებობს კვალიფიციური კადრების საჭიროება, თანხვედრაშია ქვეყნის მიზნებთან და გათვალისწინებულ იქნეს ისინი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას. 

რეკომენდაციები ცენტრს

რეკომენდაცია N2:

ბენეფიციარებისათვის საზღვარგარეთ საცხოვრებლად საჭირო თანხების პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს ასანაზღაურებელი თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც დიფერენცირებული იქნება ცალკეული ქვეყნის მიხედვით. ამასთანავე, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დაეფუძნოს შესაბამის კალკულაციებს და ეკონომიკური პარამეტრების მკვეთრი ცვლილების პირობებში, გათვალისწინებულ იქნეს მათი პერიოდული კორექტირების შესაძლებლობა.

რეკომენდაცია N3:

კონკურსანტთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, შემუშავდეს კომისიის წევრების შერჩევის მეთოდოლოგია, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები, პროფესიული და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როტაციის პირობები და ვადები.

რეკომენდაცია N4:

კონკურსანტთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დეტალურად იქნეს განმარტებული შეფასების თითოეული კრიტერიუმი, რათა შემცირდეს კომისიის წევრების მხრიდან კრიტერიუმების განსხვავებული ინტერპრეტაციისა და კონკურსანტთა მიმართ არათანაბარი მიდგომის შესაძლებლობა. 

რეკომენდაცია N5:

კონკურსის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს კონკურსის მესამე ეტაპის − კონკურსანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობა. 

რეკომენდაცია N6:

პროგრამის ძირითადი მიზნების მიღწევის შესაფასებლად, მიღებულ იქნეს ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან და განხორციელდეს გრანტის მიმღებთა მხრიდან ვალდებულების შესრულების პერიოდული მონიტორინგი. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განხორციელდეს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება, შეფასდეს მათი თანხვედრა ცენტრის მიზნებთან და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

რეკომენდაცია სამინისტროსა და ცენტრს

რეკომენდაცია N7:

შეფასდეს პროგრამის მიზნების მიღწევის მაჩვენებლები, რათა დაიგეგმოს და განხორციელდეს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების მიზნით.