სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე 2017 წლის „საირიგაციო სისტემების მართვა-შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა.
შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის 2017 წლის ანგარიშში მოცემულია მონაცემები იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომელიც აუდიტის სამსახურმა საირიგაციო სისტემების მართვის გასაუმჯობესებლად 2014 წლის შემოწმებისას გასცა.
ეფექტიანობის აუდიტში 8 სახის რეკომენდაცია იყო მოცემული, რომლის მთავარ ობიექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენდა. 3 რეკომენდაცია საირიგაციო მომსახურების ხარისხის ზრდასა და წყლის პროდუქტიულ განაწილებას ეხებოდა, 5 რეკომენდაცია კი დარგის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და საირიგაციო სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას.
2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა „საირიგაციო სისტემების მართვა- შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის 2017 წლის აუდიტმა“ აჩვენა, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდ ნაწილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და მიმდინარე პრობლემები კვლავ არსებობს. მათ შორისაა, საირიგაციო მომსახურების საიმედო და თანაბარი მიწოდება აბონენტებისათვის, ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და მათი შესრულების პროცესის სრულყოფა და გაუმჯობესება.
პრეზენტაცია შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის შესახებ პარლამენტარებსა და აუდიტის ობიექტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ წარუდგინა.
სამუშაო სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი, აუდიტის ობიექტების - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
