სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაცია „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ (IBP) წარმომადგენლებთან საქართველოში- არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსებთან.
შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგისა და საბიუჯეტო გამჭვირვალობის საკითხები განიხილებოდა.
„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ (IBP) „ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგისთვის“ ქვეყნების შესწავლას 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. ბოლო გამოკითხვით, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, საქართველომ 100-დან 82 ქულა აიღო და მე-5 ადგილი დაიკავა საერთაშორისო რეიტინგში. უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეიტინგი საბიუჯეტო ზედამხედველობის კომპონენტში კი 100 ქულიდან 89-ს შეადგენდა.
ორგანიზაცია გამოკითხვაში იყენებს 109 ინდიკატორს, რათა შეაფასოს ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ინდიკატორები აფასებს, თუ რამდენად დროულად ხდება ხელისუფლების მხრიდან ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, არის თუ არაშესაბამის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ამომწურავი და სასარგებლო.


