ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერილ „საჯარო სამშენებლო სამუშაოების აუდიტის“ ტრენინგში, რომელიც JICA-ს ტრენინგ ცენტრში ქ. ტოკიოში და იაპონიის აუდიტის საბჭოს (Board of Audit) ტრენინგ ცენტრში ქ. ანაკაში ჩატარდა.
ტრენინგი საქართველოს, აზერბაიჯანის, მონღოლეთის, ფიჯის, ვიეტნამის, ზამბიის, კენიის, შრი ლანკას, მავრიკის და ბოტსვანას უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტორებისთვის, იაპონიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლებმა წარმართეს.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა საჯარო სამშენებლო სამუშაოების აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებს და იაპონიის გამოცდილების მაგალითების გაცნობას.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო პროცესი 27 ივნისიდან 24 ივლისამდე მიმდინარეობდა. ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმა იაპონიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჰარადა იუჰეისი, ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა თორნიკე შერმადინმა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.


