- გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში ხშირ შემთხვევებში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-დან 70%-მდე დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, რაც შემსყიდველის მხრიდან ბაზრის არასათანადოდ კვლევაზე მიუთითებს;
- მაღალია კონკურენციის გარეშე განხორციელებული ტენდერების ხვედრითი წილი წლის განმავლობაში განხორციელებული ტენდერების მთლიან რაოდენობაში (2014 წელს-42%, 2015 წელს-32%). აღნიშნული განაპირობებს შესყიდვის არაეკონომიურად განხორციელების რისკს;
- უშედეგოდ დასრულებული ტენდერების მაღალი ხვედრითი წილი ფიქსირდება 2014-2015 წლებში გამოცხადებული ტენდერების მთლიან რაოდენობაში (შესაბამისად 31% და 38%), რაც მიუთითებს შესყიდვების განხორციელების პროცესში არსებულ ხარვეზებზე;
- კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ტენდერებში, რიგ შემთხვევებში სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნები ჩამოყალიბებულია ხარვეზებით (მაგ: მოთხოვნილია ვიდეოადაპტერი, რომლის სტანდარტიც არ არსებობს), რაც „არშემდგარი“ ტენდერებისა და ტენდერებში მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის საფუძველს ქმნის. 11 ცალი პერსონალური კომპიუტერის შესყიდვის მიზნით 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 27 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების დინამიკა (სულ 6 ტენდერი - ტენდერებს შორის დროის შუალედები) მიანიშნებს არსებული საჭიროებების სწორად განსაზღვრასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტოს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
- სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ტენდერებში ფიქსირდება: ტენდერების შეწყვეტა დაუსაბუთებელი მოტივით, ხელშეკრულებების კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხშირი ცვლილებები, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაცია;
- ცხოველების საკვების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 6 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან (SPA150003985) მიმართებაში (გაიმარჯვა შპს „აქვა ტერრამ“) რიგი გარემოებები ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ტენდერის კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იყო შპს „აქვა ტერრას“ ინტერესების გათვალისწინებით, რასაც ადასტურებს შპს „აქვა ტერრას“ - მომჩივანი კომპანიის შპს „სმარტ დისტრიბუშენის“ გამარჯვება შეცვლილი ტექნიკური პირობებით 2015წლის 21 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში (SPA150035210);
- რიგ შემთხვევებში სატენდერო დოკუმენტაციაშიც და ხელშეკრულებებშიც ჩადებულია შეუსრულებადი მოთხოვნები როგორც მიწოდების ვადებთან (რაც იწვევდა ხელშეკრულებებში ხშირ ცვლილებებს - მიწოდების ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები შესულია აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 1-3 თვის შემდგომ), ასევე ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისობის დადგენაც შეუძლებელი იყო თვით ექსპერტიზის ბიუროს მიერ ხელსაწყო-დანადგარების უქონლობის და აგრეთვე რიგ მოთხოვნებთან დაკავშირებით კვლევების არარსებობის გამო (ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი კვლევები არ ტარდებოდა), თუმცა აღნიშნული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი არ გამხდარა;
- რიგ შემთხვევებში, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით განხორციელებული შესყიდვის ფარგლებში, საქონლის ფაქტიური მიღება ვერ ასაბუთებს აღნიშნული შესყიდვის მოტივს;
- 2014-2015 წლებში სასაზღვრო პოლიციასა და სხვადასხვა მომწოდებლებს შორის სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, გადასახდელი საურავების ჯამური ღირებულება შეადგენდა 59,320.26 ლარს. აღნიშნული თანხები არ იყო ბუღალტრულად ასახული, რის გამოც ბალანსში აქტივები (სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები) წარმოდგენილია ნაკლები ოდენობით.