საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებებს მოიცავს და შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების შედეგები, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობა და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 58 აუდიტი ჩაატარა და დაფარა ნაერთი ბიუჯეტის 91%, ანუ 23 მლრდ ლარზე მეტი. მათ შორის ჩატარდა 13 - ფინანსური, 29 - შესაბამისობის და 16 - ეფექტიანობის აუდიტი.
მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, 2024 წელს, საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა 14 აუდიტის ანგარიში.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო 5 წელში აუდიტის სამსახურმა გასცა 3,000-ზე მეტი რეკომენდაცია, საიდანაც 20% ეკუთვნის 2024 წელს ჩატარებულ აუდიტებს. რეკომენდაციების 74% სრულად ან ნაწილობრივად არის შესრულებული, 18% - მიმდინარეა, ხოლო 8% - არის შეუსრულებელი.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.

.jpeg)
.jpeg)