სახელმწიფო აუდიტის სამსახური

23 თებერვალი, 2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩააატარა „საქართველოს პარლამენტის აპარატის 2016 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდის ფინანსური აუდიტის“ ანგარიში.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები/ხარვეზები:

  • 75,715 ლარის დებიტორული დავალიანების ხანდაზმულობის ვადა გასულია და ინვენტარიზაციის მასალებიდან გამომდინარე, ამ დავალიანებებიდან თანხების მიღება შეუძლებელია, თუმცა საინვენტარიზაციო კომისიას დებიტორების ჩამოწერასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია. უიმედო დებიტორული დავალიანების თანხები არ ჩამოწერილა და შესაბამისად, აღირიცხული არ არის საცნობარო „გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანების“ მუხლში. შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში მოთხოვნების ნაწილში აქტივები 75,715 ლარით ზედმეტად არის წარმოდგენილი
  • 3,783,863 ლარის კრედიტორულ დავალიანებას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. მიუხედავად ამისა, საინვენტარიზაციო კომისიას კრედიტორების ჩამოწერასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია და  შესაბამისად, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება ბალანსზე. შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში ხანდაზმული ვალდებულებები, ჩამოწერის გარეშე, 3,783,863 ლარით ზედმეტად არის წარმოდგენილი
  • ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობის და კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშები არასრულად ასახავს არასაბიუჯეტო სახსრებს, რადგან მასში ასახული არ არის საქართველოს პარლამენტის აპარატის სადეპოზიტო ანგარიშზე იჯარის და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო თანხები, 38,346 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები არა მარტო ფინანსურ ანგარიშგებაში, არამედ ბუღალტრულ აღრიცხვაშიც არ იყო ასახული. შესაბამისად, არ არის დაცული ინსტრუქციის მოთხოვნები იჯარის სააღრიცხვო პოლიტიკასთან მიმართებით. იჯარით მიღებული თანხები  უნდა აღიარდეს შემოსავლად და ამავე დროს, ვალდებულად ბიუჯეტის მიმართ
  • მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების ხარჯები არასრულად არის წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში. კერძოდ: ფინანსური ანგარიშგება არასრულად ასახავს „საქონელი და მომსახურების“ ხარჯებს „წარმომაგენლობითი ხარჯების“ ბიუროებზე გადარიცხული თანხების ნაწილში 1,181,338 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს წარმომადგენლობითი კლასიფიკაციის 2.2.4 კოდიდან გაწეულ საკასო ხარჯს და მათი ფაქტობრივ ხარჯად აღიარება უნდა მოხდეს შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე
  • არასწორად არის ხარჯებში ჩამოწერილი და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროებზე გადარიცხული თანხების ნაშთები, რამაც, 2016 წლის 1 იანვრისა და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგინა 490,501 ლარი და 335,045 ლარი. აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე დარჩენილი ნაშთები აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს და უნდა ირიცხებოდეს ბალანსში აქტივებად. აგრეთვე, მაჟორიტარების ბიუროების მიერ გამოუყენებელი და ბიუჯეტში დაბრუნებული თანხები, 284,418 ლარის ოდენობით აღრიცხულია და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ხარჯებში, რაც აღრიცხული უნდა იყოს როგორც „ბიუჯეტში დაბრუნებული გამოუყენებელი თანხები“ ან „ხარჯების შემცირება“, და არა „ფაქტობრივი ხარჯები“.

არასწორად არის კლასიფიცირებული და ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში:

  • 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოკლევადიანი ვალდებულებები 250,716 ლარის ოდენობით,  როგორც  გრძელვადიანი ვალდებულებები
  • შტატგარეშე მომუშავეებზე გაცემული დანამატი 32,625 ლარის ოდენობით,  ნაცვლად „საქონელი და მომსახურების“ მუხლისა, გაწეულია  და აღრიცხულია შრომის ანაზღაურების დანამატის მუხლში
  • 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მატერიალური ფასეულობების ღირებულება,  10,776,744 ლარის ოდენობით არასწორად  მიკუთვნებულია და აღრიცხულია ბალანსის „შენობა - ნაგებობების“  მუხლში, რომლებიც ფუნქციური დანიშნულებისა და მომსახურების ვადებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს პარლამენტის შენობა-ნაგებობების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ისინი ექვემდებარება  „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლში აღრიცხვას და ცვეთის დარიცხვის შესაბამისი - განსხვავებული  ნორმების მიხედვით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ რეკომენდაციები არ გაცემულა, რადგან ყველა ხარვეზი უკავშირდება მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნების შეუსრულებლობას.