სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი, რომლის დროსაც გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- სახელფასო დანამატების გაცემისას ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საფუძვლები;
- პრემიების გაცემისას, ექვს შემთხვევაში ზღვრული ოდენობის ზევით პრემიების გაცემა განხორციელებულია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე;
- 2012–2015 წლებში ნინოწმინდის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობაზე შპს ,,მონოლითმშენის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროექტირების დროს დაშვებული უზუსტობების, სამშენებლო ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევების ჩაუტარებლობისა და შემოსავლების სამსახურის მხრიდან შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უკონტროლობის პირობებში, ფაქტიურად გახარჯული 9,857.5 ათასი ლარის მიუხედავად, ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და არ ფუნქციონირებს. შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ: გამოყენებული ბეტონის მარკიანობა დაბალია, ლითონის კონსტრუქციის კვანძები არ არის შესრულებული სამშენებლო ნორმების მოთხოვნების მიხედვით, დარღვეულია სამშენებლო ნორმების და წესების ,,სეისმომედეგი მშენებლობით“ დადგენილი მოთხოვნები.
პროექტირების დროს დაშვებული უზუსტობების, სამშენებლო ტერიტორიაზე კვლევების ჩაუტარებლობის და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო დამატებით გაწეულია 1363.1 ათასი ლარის ხარჯი.
შპს ,,მონოლითმშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული 2 ცალი 62.5 ათასი ლარის ღირებულების მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორიდან ერთი იყო გაუმართავ მდგომარეობაში, კერძოდ ტრანსფორმატორის ყუთში აღმოჩნდა მხოლოდ რკინის ავზი და ქვები ყველა სხვა დეტალების გარეშე. აღმოჩენილი ტექნიკური წუნის აღმოფხვრისა და მეორე ტრანსფორმატორის ლაბორატორიულ სტენდზე გამოცდის მიზნით, ქ. თბილისში გადატანილი ტრანსფორმატორები შპს ,,მონოლითმშენი”-ს მიერ დღემდე უკან არ დაბრუნებულა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
- ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სამუშაოების თავისდროულად შეუსრულებლობა და კონსერვაციის პროცესით გაწერილი პირობების გაუთვალისწინებლობა წარმოშობს საბიუჯეტო თანხების არარაციონალურად გახარჯვის რისკს, ხოლო დღეის მდგომარეობით მშენებლობისათვის გახარჯული 1,491.0 ათასი ლარის ხარჯი წარმოადგენს არაეფექტურ ხარჯს.
- სგპ ,,სარფი“-ს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადის განმავლობაში წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ევალებოდა გარანტიის გამცემ კომპანიას. საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობის სახურავის მოწყობაზე, კედლების და ჭერის დაზიანებული ნაწილების აღდგენაზე სხვადასხვა კომპანიების მიერ გარანტიის პერიოდში შესრულებულია და შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით ანაზღაურებულია სულ 692.2 ათასი ლარის სამუშაოები.
- სატენდერო დოკუმენტაციაში წინასწარი ანგარიშსწორების საკითხის გათვალისწინების გარეშე, ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის გზით, საავანსო თანხების გაცემით არაკონკურენტული გარემო შეიქმნა იმ პოტენციური პრეტენდენტებისათვის, რომლებსაც ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ ჰქონდათ შესაძლებლობა სცოდნოდათ საავანსო ანგარიშსწორების არსებობისა და რაოდენობის შესახებ.
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და სგპ ,,ყაზბეგში“ გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების დამონტაჟების მიზნით შესასყიდი ჩილერების სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისად 45,6 ათასი ლარის და 32.0 ათასი ლარის ეკონომიის მიღწევა.