სახელმწიფო აუდიტის სამსახური

17 ივლისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი და გამოვლინდა შემდეგი:

  1. 2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით, თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით. 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში
  2.  წლის განმავლობაში დანამატების სახით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 2,306.1 ათასი ლარი, აქედან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე გაიცა მხოლოდ 176.1 ათასი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით, პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები არ იყო დაკონკრეტებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის აღრიცხვის გაანგარიშების ტაბელები), ასევე, არ დასტურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იმ მოხელეთა მხრიდან, რომლებზედაც გაიცემოდა დანამატები საანგარიშო პერიოდში;
  3. ობიექტის განმარტებით, თანამშრომელთა მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესასყიდად ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობს, რადგანაც თითოეული თანამშრომელი, რომელიც უნდა გაემგზავროს მივლინებაში, თავად არჩევს სად შეიძინოს ავიაბილეთი, შესაბამისად აპარატს არ გააჩნდა ინფორმაცია, რამდენად რაციონალურად ხორციელდებოდა ავიაბილეთების შესაძენად საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა, რაც კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.
  4.  წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში, სარესტორნო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების სისუსტეები, კერძოდ: ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო 2 შემთხვევაში საერთოდ არ იყო მითითებული, თუ რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება (სადილი). სარესტორნო მომსახურების გაწევისას, არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და ჩეკ-მენიუები, შესაბამისად ვერ დგინდება ღონისძიებაში მონაწილე პირთა რაოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში, სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები.
  5. 2016 წლის 11 აგვისტოს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვისას ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადასტურებული შპს „კოზტრანსი’-ს მიერ წარმოდგენილი მისაწოდებელი საქონლის ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილთან. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გაფორმებულია ხელშეკრულება.
  6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, სამინისტროს მიერ შპს „არქეფექტი“-სათვის ანაზღაურებულია 7,233 ლარით მეტი თანხა, რომელიც შემდგომ დაკორექტირებულია აუდიტის ჯგუფის მითითების შედეგად.