სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.
ფინანსური აუდიტის მიზანს წარმოადგენდა 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ნაერთი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოსაზრების გამოთქმა. ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია ცესკოს ქვემდგომი ორგანოების, ცესკოს კონტროლს დაქვემდებარებული - სსიპ ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა“ და დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს - ,,ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის“ ფინანსური ინფორმაცია. ზემოთ ხსენებული ორგანოების საქმინობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა კი განხორციელდა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის მნიშვნელობის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არ გამოთქვა აუდიტორული მოსაზრება წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შესახებ. შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში კი აუდიტის სამსახურმა გამოთქვა უარყოფითი აუდიტორული მოსაზრება.
განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად დადგინდა, რომ ცესკოს არ ჩაუტარებია არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. გარდა ამისა, გამოვლინდა არაფინანსური აქტივების აღრიცხვასა და განკარგასვთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის სხვა ფაქტები.
აღინიშნება ნაკლოვანებები ხარჯების დროულად აღიარებასთან დაკავშირებით, რაც ფინანსური აქტივების, ვალდებულებების და, შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი სხვადასხვა ფორმების არამართებულად წარდგენას განაპირობებს.
გარდა ამისა, ცესკო საერთოდ არ ახდენს მის სტრუქტურაში შემავალი ორგანოების ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგს, არ არის შემუშავებული მკაცრად გაწერილი წესთა ერთობლიობა ნაერთი ფინანსური ანგარიშგების ფორმირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი შესაძლებელია ჩაითვალოს გამოვლენილი არსებითი და ყოვლისმომცვლელი შეცდომების გამოწვევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სხვადასხვა დარღვევებს შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ცესკომ ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაბამისი მტკიცებულებები გამარტივებული შესყიდვის საშუალების მართებულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასევე, 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვებიდან რამდენიმე შემთხვევაში ცეკოს მიერ არ არის გატარებული კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისი ქმედებები, რაც უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ცესკოსთვის მიწოდებული საქონლისა თუ მომსახურების ფასნამატი არაგონივრულად მაღალია. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის.
ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამივლინებო ხარჯების გაწევისას არ იყო წარმოდგენილი მივლინებაში მყოფი პირების მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამივლინებო თანხები გაიცემოდა მაშინაც კი, როდესაც თანამშრომლებს წარმოდგენილი არ ჰქონდათ წინა მივლინებებში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაციები და ელოდება ცესკოს სამოქმედო გეგმას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
