სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის (EGFA) ფარგლებში ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ახალ პროექტს იწყებს.
მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით აუდიტორული საქმიანობის გაძლიერებას მოიცავს. მათ შორისაა: აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებით მიღებული სარგებლის შეფასება, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის გაძლიერება, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემოსავლების აუდიტის მიმართულების განვითარების საშუალებას მისცემს.
პროექტი ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის (EGFA) ფარგლებში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მსოფლიო ბანკი ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის (EGFA) პარტნიორია საქართველოში, რომელიც 2021-2023 წლებში ამ პროგრამის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.
პროექტთან დაკავშირებული ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ოფისსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკიდან პროექტის ლიდერი პატრიკ უმა ტეტე და პროექტის თანალიდერი მარიამ დოლიძე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე.


