საქართველოს აუდიტის სამსახური (სას) მიესალმება აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებას კონსტიტუციის პროექტში. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ასახული ცვლილებები უზრუნველყოფს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მისი საქმიანობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
კერძოდ, კონსტიტუციის პროექტის თანახმად,
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავის კომპეტენციასთან დაკავშირებით დავის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მიენიჭა, რაც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების, საქმიანობის წესისა და დამოუკიდებლობის გარანტიების განმსაზღვრელ საკანონმდებლო აქტს უფრო მაღალი იერარქიის - ორგანული კანონის სტატუსის მიენიჭა, რაც სას-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯია;
- აუდიტის სამსახურის საქმიანობის კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპად „საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების“ პრინციპი განისაზღვრა, რაც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის მანდატს საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე სტანდარტებთან დააახლოებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის განხილვის პროცესში საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღწეული პროგრესული ნორმები გაზიარებული და მხარდაჭერილი იქნება, რაც თავის მხრივს, ხელს შეუწყობს საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და დახვეწას, რასაც საპარლამენტო სისტემის მოდელში, რომელსაც კონსტიტუციის პროექტი გვთავაზობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
