სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 09 დეკემბერი, 2016

9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მონაცემებით, კორუფციის წილი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს (2.6 ტრილიონი დოლარი) შეადგენს, ყოველწლიურად, დაახლოებით ერთი ტრილიონ დოლარზე მეტი კი ქრთამის სახით იხარჯება.

კორუფცია საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია. კორუფციისაგან დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა და საზოგადოება. სწორედ ამიტომ, კორუფციის პრევენციისა და მისი რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ხელისუფლების თითოეული შტოს, ორგანოს და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და კონსოლიდირება.

თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (სას) თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალედ, ეკონომიურად და მიზნობრივად განკარგვის უზრუნველყოფაში.

ანტიკორუფციულ საქმიანობაში აუდიტის სამსახურის მთავარ წვლილს აუდიტის ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციები წარმოადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები ატარებენ რისკზე დაფუძნებულ აუდიტებს და მიუთითებენ შესაძლო კორუფციის შემცველ, მაღალ რისკიან სფეროებზე. აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულება არსებითად ამცირებს კორუფციისა და თაღლითობის რისკებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაზარდა აუდიტორული საქმიანობით ბიუჯეტის დაფარვა და დღესდღეობით ჩვენი საქმიანობა ფარავს სახელმწიფო ბიუჯეტის 90%-ს, რაც 9 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  ჯამში 745 რეკომენდაცია გასცა და გაზარდა შემოწმებული სფეროების რაოდენობაც.

2013-2015 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა 32 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის, 44 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსის არაეფექტიანი განკარგვის, 150 მლნ ლარის დარღვევით განხორციელებული შესყიდვების, 39 მლნ ლარის არაეკონომიური და 166 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მიერ განხორციელებული აუდიტების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია გამოვყოთ, როგორც კორუფციის რისკის შემცველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, რის საფუძველზეც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შესყიდვების სისტემა მივიღეთ, ყველა ნაკლოვანების ძირეულად აღმოფხვრა და კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მიერ შესყიდვების სფეროში განხორციელებულმა აუდიტებმა ცხადყო, რომ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია შესყიდვების განხორციელების ყველა სტადიაზე, განსაკუთრებით დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ საჯარო სექტორში არსებული კორუფციის გამოვლენისა და პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, მისი სურვილის შესაბამისად კონფიდენციალურობის დაცვით, გაგვიზიაროს მის ხელთ არსებული  ინფორმაცია საჯარო ფინანსების სფეროში არსებული კორუფციის შესახებ. თითოეული შეტყობინება, ანალიზის შემდგომ, გახდება აუდიტისთვის მნიშვნელოვანი თემების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

კორუფციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მუდმივად ზრუნავს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვაზე.