სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD – ACN) თანამშრომლობა -საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების მე-4 რაუნდის მონიტორინგის ანგარიში 23 ნოემბერი, 2016

ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის  მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური (სას) თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან (OECD-ACN).   OECD-ACN-მა  დაამტკიცა სტამბოლის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის  საქართველოს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში, რომლის ფარგლებშიც  სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე აღარ წარმოადგენს რეკომენდაციების შესრულების კუთხით შესაფასებელ უწყებას და სას-ის აუდიტორული საქმიანობის შედეგები, აუდიტორული დასკვნები და რეკომენდაციები გამოყენებულ  იქნა სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული რეფორმების შესაფასებლად.

სახელმწიფოთა შეფასების მე-4 რაუნდი დაიწყო 2016 წელს. ამ მიზნით OECD-ACN-ის  შემფასებელი მისია საქართველოს 2016 წლის 21-24 ივნისს ეწვია და შეხვედრები გამართა ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან,  მათ შორის, სახელმწიფო  აუდიტის  სამსახურთან.

ანგარიშში შეფასებულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები 4 მიმართულებით:

 1. ანტიკორუფციული პოლიტიკა;

 2. კორუფციის პრევენცია;

 3.  კორუფციული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა;

 4. კორუფციის პრევენცია შერჩეულ სექტორში -  ინფრასტრუქტურული პროექტების  ფარგლებში განხორციელებული შესყიდვები.

თითოეულ თავში შეფასებულია საქართველოში 2013-2016  წლებში  კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და წარმოდგენილია ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მე-4  რაუნდის რეკომენდაციები.

OECD-ACN საქართველოში გატარებულ  მთავარ  ანტიკორუფციული რეფორმებთან დაკავშირებით  აღნიშნავს, რომ გაიზარდა  სას-ის  მანდატი და ინსტიტუციური შესაძლებლობები  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის ზრდას, საარჩევნო კოდექსისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განხორციელებულ რეფორმებთან ერთად.   

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას  „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ 2015 წლის ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშიდან (Georgian National Integrity System Assessment 2015), სადაც სას  ნახსენებია, როგორც ერთ-ერთი საჯარო უწყება, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა 2011 წელს ჩატარებული ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების შემდგომ.

OECD-ACN მიესალმება  ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მუნიციპალიტეტების როლის  გაძლიერებასა და ანტიკორუფციულ საბჭოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მექანიზმის განვითარებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ნაბიჯი დროულია, რადგან მუნიციპალიტეტებში არსებულ კორუფციის რისკებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითის სახით მოყვანილია სას-ის მიერ ჩატარებული აუდიტი   წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც  გამოვლინდა შესყიდვების პროცესში არსებითი დარღვევებით გახარჯული დაახლოებით 1 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრები.

მონიტორინგის ანგარიში ასევე  ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის  გამჭვირვალობაზე,  ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგსა და აღნიშნულთან დაკავშირებით სას-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე.

ანგარიშში განხილულია საკითხი ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, 2014 წელს  სას-ის  აუდიტორული საქმიანობის შედეგების საფუძველზე  გამოძიება დაიწყო 48 სისხლის სამართლის  საქმეზე.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სფეროში  არსებული კორუფციის  რისკების შესაფასებლად, OECD-ACN-ის შემფასებელმა მისიამ შეისწავლა  საკითხი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით.  ინფორმაციის სხვა წყაროებთან ერთად გამოიყენებულ  იქნა სას-ის ანგარიშები და მოხსენებები, მათ შორის,  2016 წელს ჩატარებული კაპიტალური პროექტების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. კერძოდ, მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის გახარჯული სახსრების მშპ-სთან და მთლიან ბიუჯეტთან თანაფარდობის წილისა და კაპიტალური პროექტების აღრიცხვის და მართვის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციების  შესახებ.

ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.oecd.org/corruption/acn/Georgia-Round-4-Monitoring-Report-ENG.pdf