სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 07 დეკემბერი, 2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებაზე - II წარდგენა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით. თუმცა პროექტის განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია მხედველობაში იქნეს მიღებული დასკვნაში წარმოდგენილი შემდეგი საკითხები:

  • გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული რეკომენდაცია და წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულ სახელმწიფო ვალის ნაშთში აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი, ჯამურად 211.7 მლნ ლარი. შედეგად, სახელმწიფო ვალის ზღვრულმა მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 43.5% შეადგინა, თუმცა განმარტებით ბარათში აღნიშნული მაჩვენებელი ცვლილების პროექტის პირველადი ვერსიის ნიშნულზეა განსაზღვრული - 42.9%-ის ოდენობით;
  • ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტით პირველადი ვერსიის მსგავსად, მცირდება 3 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება, რომლებიც მიმდინარე მდგომარეობით ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია, რომ საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება;
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის გეგმური მაჩვენებელი ცვლილების პროექტის წარმოდგენილი ვერსიით 14 მლნ ლარით იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობით ფონდიდან ათვისებული რესურსის დაბალი ოდენობისა და ფისკალური წლის ბოლოს საბიუჯეტო სახსრების დაჩქარებულ რეჟიმში ათვისების პრაქტიკიდან გამომდინარე, დამატებით განმარტებას საჭიროებს კონკრეტულად რომელი პროექტების დასაფინანსებად ხდება ფონდის რესურსის ზრდა;
  • პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვიდან გამომდინარე, პროგრამების/ ქვეპროგრამების გეგმების დაკორექტირების პარალელურად ვერ მოხდა პროგრამულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პროგრამული დანართი შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომლებსაც წარმოდგენილი პროექტით დაუკორექტირდათ წლიური გეგმები, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასება.