სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიზნად ისახავს საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:
- გაურკვეველია თუ რა პრინციპის საფუძველზე შეირჩა დაბალი ათვისების მქონე პროგრამები, რომელთა მიმდინარე ათვისების მაჩვენებელი გათვალისწინებულ იქნა გეგმური მაჩვენებლების დაკორექტირებისას - წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთი დაბალი ათვისების მაჩვენებლის მქონე პროგრამის წლიური გეგმით გამოყოფილი ასიგნებების დაკორექტირებას შემცირების მიმართულებით. მაშინ, როდესაც უცვლელი რჩება რიგი დაბალი ათვისების ტენდენციის მქონე პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. ამასთან, ათვისების მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, კანონპროექტით წარმოდგენილი შემცირებული ასიგნებების პირობებშიც კი ზოგიერთი პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იქნეს დაკავშირებული.
- გაურკვეველია რა გავლენას მოახდენს კანონპროექტით გათვალისწინებული ასიგნებების ცვლილება ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში მისაღებ მოსალოდნელ შედეგებზე - ასიგნებების მოცულობის ცვლილებასთან ერთად, არ მომხდარა პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტისა და მასში წარმოდგენილი არაფინანსური ინფორმაციის (მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები) განახლება;
- 2016 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების კანონპროექტით, იზრდება სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში და აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს (40%) - სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით 14,575.4 მლნ ლარს უტოლდება, რაც მოსალოდნელი მშპ-ის 43.9% შეადგენს;
- ცვლილების პროექტით წარმოდგენილი საგარეო ვალდებულებების ზრდისა და კლების მაჩვენებლები სრულყოფილად არ ასახავს 2016 წლის განმავლობაში საგარეო საკრედიტო რესურსის სახით ბიუჯეტში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მთლიან საპროგნოზო მოცულობებს - არც მოქმედი ბიუჯეტის კანონით და არც წარმოდგენილი ცვლილების პროექტით განსაზღვრული არ არის რიგი პროექტების გეგმური მაჩვენებლები, მაშინ როდესაც, აღნიშნული პროექტების ფარგლებში ადგილი აქვს სახსრების ხარჯვას. ასევე, მიუხედავად იმისა რომ საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის გეგმური მაჩვენებელი 100 მლნ ლარის ოდენობით შემცირდა, აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული არ არის წარმოდგენილ ცვლილების კანონპროექტში.