სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიზნად ისახავს საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:
- „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ ქვეპროგრამის კანონპროექტით წარმოდგენილი გეგმური მაჩვენებელი დამატებით დასაბუთებას საჭიროებს - წარმოდგენილი კანონპროექტით, პროგრამის ასიგნება 610 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. თუმცა მიმდინარე მდგომარეობით (14.12.2016) „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფაქტიურად ათვისებული საბიუჯეტო რესურსის მოცულობა დაახლოებით 614 მლნ ლარს შეადგენს;
- კანონპროექტით წარმოდგენილი შემცირებული ასიგნებების პირობებშიც კი, ზოგიერთი პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იქნეს დაკავშირებული - კანონპროექტით, უმნიშვნელოდ მცირდება ან უცვლელი რჩება ზოგიერთი ისეთი პროგრამისა და ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაბალი ათვისების ტენდენციით ხასიათდებიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საბიუჯეტო რესურსის უფრო ეფექტიანი გადანაწილებისა და განკარგვისათვის, მიზანშეწონილია გეგმური მაჩვენებლების დაკორექტირებისას, სხვა მიზეზებთან ერთად, მხედველობაში იქნეს მიღებული საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიმდინარე და გასული წლების ტენდენციები;
- გაურკვეველია რა გავლენას მოახდენს კანონპროექტით გათვალისწინებული ასიგნებების ცვლილება ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში მისაღებ მოსალოდნელ შედეგებზე - ასიგნებების მოცულობის ცვლილებასთან ერთად, არ მომხდარა პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტისა და მასში წარმოდგენილი არაფინანსური ინფორმაციის (მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები) განახლება;
- 2016 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების კანონპროექტით, იზრდება სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში და აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს (40%) - სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით 14,575.4 მლნ ლარს უტოლდება, რაც მოსალოდნელი მშპ-ის 43.9% შეადგენს;
- ცვლილების პროექტით წარმოდგენილი საგარეო ვალდებულებების ზრდისა და კლების მაჩვენებლები სრულყოფილად არ ასახავს 2016 წლის განმავლობაში საგარეო საკრედიტო რესურსის სახით ბიუჯეტში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მთლიან საპროგნოზო მოცულობებს - არც მოქმედი ბიუჯეტის კანონით და არც წარმოდგენილი ცვლილების პროექტით განსაზღვრული არ არის რიგი პროექტების გეგმური მაჩვენებლები, მაშინ როდესაც, აღნიშნული პროექტების ფარგლებში ადგილი აქვს სახსრების ხარჯვას. ასევე, მიუხედავად იმისა რომ საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის გეგმური მაჩვენებელი 100 მლნ ლარის ოდენობით შემცირდა, აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული არ არის წარმოდგენილ ცვლილების კანონპროექტში.