სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) XXII კონგრესში 12 დეკემბერი, 2016

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) კონგრესი, რომელშიც გაწევრიანებულია 192 ინსტიტუცია, წარმოადგენს INTOSAI-ის გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოს. კონგრესი იმართება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და შესაძლებლობას აძლევს თავის წევრებს გაიზიარონ პროფესიული გამოცდილება, დაამტკიცონ ახალი სტანდარტები და ითანამშრომლონ რეგიონულ დონეზე.

წლევანდელ კონგრესზე, რომელიც, 5-11 დეკემბერს, აბუ დაბიში გაიმართა, INTOSAI-ის წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს აბუ დაბის დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს ორ საკვანძო თემას: (1) გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წვლილის გაზრდის პერსპექტივებს, რაც მოიცავს უკეთესი მმართველობის ხელშეწყობას და კორუფციასთან ბრძოლას; (2) უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების პროფეზიონალიზმის გაძლიერების სფეროებს, რამაც უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი მაკონტროლებლების სანდოობის ხარისხის განმტკიცება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კონგრესის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგები და ასევე გაუზიარა გამოცდილება სახელმწიფო ვალის აუდიტის მიმართულების დანერგვის მნიშვნელობისა და გამოწვევების შესახებ. ცნობისთვის, 2014-2016 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სამი ეფექტიანობის აუდიტი: 1) სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტი; 2) საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მართვის ეფექტიანობის აუდიტი და (3) სახელმწიფო ვალის მართვის ელექტონული სიტემის ეფექტიანობის აუდიტი.

საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, გენერალური აუდიტორის მოადგილე  დევი ვეფხვაძე, დეპარტამენტის უფროსები  ირაკლი წიწილაშვილი და მარიკა ნაცვლიშვილი,  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  გიორგი კეკელიშვილი.