დღეს, 30 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული „მოხსენება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“.
მოხსენებაში მიმოხილულია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადების პროცესში განხორციელებული აუდიტორული და ანალიტიკური საქმიანობების შედეგად სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ყველა ძირითად საფეხურზე გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები და მნიშვნელოვანი საკითხები, აგრეთვე გაცემული შესაბამისი რეკომენდაციები. კერძოდ, მოხსენებაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და მისი კომპონენტების შესრულების მდგომარეობა;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ტენდენცია;
- ბიუჯეტის ფორმირების პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ხარვეზები;
- შრომის ანაზღაურების ანალიზი;
- სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები;
- სახელმწიფო ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები;
- სახელმწიფო ფინანსური აქტივების მართვა;
- საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დაგეგმილი თანხების ხარჯვა;
- ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის, მიზანშეწონილია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც დაფიქსირებულია მოხსენებაში.
იხ. ინტერნეტ მიმოხილვა