სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი წიწილაშვილის მონაწილეობით, ქალაქ ბრიუსელში ევროკონტროლის აუდიტის ბორდის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც ევროკონტროლის სათაო ოფისში შედგა, აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის „ევროკონტროლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და რესურსების განაწილების ეფექტიანობის აუდიტი“, ევროკონტროლის შიდა აუდიტის ანგარიშები, ევროკონტროლის 2017 წლის ფინანსური ანგარიში განიხილებოდა.
ევროკონტროლი ევროპის ქვეყნების საჰაერო ნავიგაციის ცენტრია, რომელიც ევროპის საჰაერო სივრცეში უსაფრთხო საჰაერო მიმოსვლას უზრუნველყოფს. ორგანიზაციას 41 წევრი ქვეყანა ჰყავს. ბორდის მოთხოვნით, ევროკონტროლის აუდიტის კომიტეტში შიდა აუდიტორული საქმიანობისთვის რამდენიმე ქვეყნიდან პროფესიონალ აუდიტორებს იწვევენ, რომლებიც როტაციის პრინციპით 4 წელიწადში ერთხელ იცვლებიან.
ირაკლი წიწილაშვილი ევროკონტროლის აუდიტის ბორდის წევრი 2015 წლიდანაა. ამჟამად აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთია, კომიტეტში ასევე შედიან წარმომადგენლები საბერძნეთიდან,ირლანდიიდან,ლატვიიდან და იტალიიდან. კომიტეტის მორიგი სხდომა სექტემბერშია დაგეგმილი.
