დღეს, 27 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საჯარო სექტორში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა თანამედროვე უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციად, რომელიც ატარებს რისკზე დაფუძნებულ აუდიტებს და გასცემს შედეგზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს“ - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.
იხილეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას გამოსვლის სრული ტექსტი:
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საჯარო სექტორში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა თანამედროვე უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციად, რომელიც ატარებს რისკზე დაფუძნებულ აუდიტებს და გასცემს შედეგზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს“ 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტები ჩაატარა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე ხასიათდება მომეტებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით. შესწავლილ იქნა ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი (10 ეფექტიანობის, 35 ფინანსური და 26 შესაბამისობის აუდიტი), რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი. ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის:
- შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ შეადგინა 32 მილიონ 8 ათასი ლარი;
- საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი;
- აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი.
აღნიშნული ხარვეზების გამოსაწორებლად გაიცა 189 რეკომენდაცია. ამ დროისათვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. მათ შორის, რეფორმებზე და სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ია. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აუდიტორული საქმიანობის სარგებელი არ გამოიხატება მხოლოდ რეკომენდაციების გაცემაში, არამედ - მათ შესრულებაში. როგორც წარმოდგენილი სტატისტიკა ცხადყოფს, რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი და მისი გაუმჯობესება საჭიროებს მეტ ძალისხმევას.
2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებთან გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, 2016 წელი გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებით, კერძოდ:
- სამსახურმა წარმატებით შეასრულა და ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა 5 (4.9) მილიონ ევრომდე; მათ შორის, 2016 წელს - 1.9 მილიონი ევრო.
იხ. რადიო
იხ. ტელევიზია
