დღეს, 8 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მჭიიდრო თანამშრომლობაზე .
დღეს, კომისიის ბოლო, შემაჯამებელ სხდომაზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ დასკვნის პროექტი განიხილეს.
კომისია, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 10 მარტის N454-II-ს დადგენილებით, 3 თვის ვადით შეიქმნა და მისი შემადგენლობა 14 წევრით განისაზღვრა.
დროებითმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელა და დასკვნის სახით სხდომას 70 გვერდიანი დოკუმენტის პროექტი წარუდგინა.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, საპარლამენტო კომისიამ ნამდვილად კარგი დასკვნა დადო. მისი შეფასებით, „ეს იყო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი და მისასალმებელი ფაქტი, რომელიც პარლამენტის მხრიდან განხორციელდა. „ჩვენ ძალიან კარგი კოორდინაცია გვქონდა საპარლამენტო კომისიასთან და კარგი სამუშაო პროცესი შედგა წინა წლებისგან განსხვავებით“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
„საპარლამენტო კომისიამ ეფექტური სამუშაო ჩაატარა. მიმაჩნია, რომ ეს ორი ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს და ამ ტიპის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტზე და ასევე უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო აუდიტის მაქსიმალური დამოუკიდებლობა. აუდიტი არის მთავარი ბერკეტი პარლამენტის ხელში, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ხარჯების, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური ხარჯვა და ტრანსპარანტულობა იმ ხარჯების, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. წელს, ასეთი კომისიის მუშაობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
დროებითი კომისიის დასკვნას დაეთანხმა კომისიის სრული შემადგენლობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები..
საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნა გადაეცემა ბიუროს და განსახილველად მომდევნო სესიაზე გავა.
