სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROSAI-ს აუდიტისა და ეთიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას შეუერთდა 26 მარტი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპის ქვეყნების აუდიტორული ინსტიტუციების (EUROSAI) აუდიტისა და ეთიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას შეუერთდა. 

ონლაინ სამუშაო შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მსოფლიოს 30 ქვეყნის აუდიტორული უწყების ეთიკის საკითხებზე მომუშავე 50-მდე დელეგატთან ერთად ესწრებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის, პოლონეთის, ჩეხეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, სლოვენიის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების აუდიტის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს (ECA) სამსახურების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს  თავიანთ უწყებებში დანერგილი გამოცდილება გაუზიარეს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველად ჩამოყალიბდა ეთიკის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტის შესაბამისად, ეთიკის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს. EUROSAI-ს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეთიკური გარემოს ხელშეწყობისათვის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაში დაეხმარება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო აუდიტორული ორგანიზაციების გაერთიანების (INTOSAI) და ევროპის ქვეყნების აუდიტორული ინსტიტუციების გაერთიანების (EUROSAI) კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, მათ შორისაა: 

  • პროფესიული სტანდარტების კომიტეტის ქვეკომიტეტები (შესაბამისობის აუდიტი; ეფექტიანობის აუდიტი; შიდა სტანდარტების კონტროლი).
  • ცოდნის გაზიარების კომიტეტის სამუშაო ჯგუფები (სახელმწიფო ვალი; გარემოს დაცვითი აუდიტი; ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; საჯარო პოლიტიკისა და პროგრამების შეფასება; დიდი მონაცემების სამუშაო ჯგუფი) (INTOSAI).
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), გარემოს დაცვის აუდიტის,  უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების მართვის აუდიტის სამუშაო ჯგუფები; მუნიციპალური აუდიტის სამოქმედო ჯგუფი; აუდიტისა და ეთიკის სამოქმედო ჯგუფი (EUROSAI).