სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფს ინკლუზიური სწავლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წარუდგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2015-2016 წწ-ში საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიზნით გახარჯული საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა შეაფასა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური სწავლების ეფექტიანად დანერგვაზე ახდენენ გავლენას. ანგარიშში ასახულია ასევე მოცემული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, სამუშაო ჯგუფის წევრებს, აუდიტის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინა და მათ აუდიტის მიზანზე, კონკრეტულ მიმართულებებსა და სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ანგარიშის განხილვას დეპუტატების გარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
