სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროკავშირის ქვეყნების აუდიტორულ ორგანიზაციასთან (European Court of Auditors) პოლონეთის, სერბეთის, უკრაინის, ბელორუსისა და თურქეთის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებთან ერთად „წყალდიდობებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციისა და მზადყოფნის) ეფექტიანობის“ ერთობლივი აუდიტი გამოაქვეყნა.
საერთაშორისო კოორდინირებული აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების აუდიტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩაატარა.
თემის შერჩევა მსოფლიოში კატასტროფებისა და მათ შორის წყალდიდობების მზარდმა საფრთხეებმა განაპირობა. გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების შეფასების ბოლო ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში, 1997–2017 წლებში, 76 მილიონი ადამიანი წყალდიდობამ დააზარალა. ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, წყალდიდობები იწვევს მასშტაბურ ეკონომიკურ დანაკარგებს.
აუდიტორთა ჯგუფებმა თავიანთ ქვეყნებში შეისწავლეს რამდენად საკმარისი და პროდუქტიულია წყალდიდობის რისკის პრევენციისათვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე რამდენად უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებისათვის განხორციელებული მზადყოფნის ღონისძიებები მოსალოდნელ წყალდიდობაზე დროულ რეაგირებასა და მისი უარყოფითი შედეგების შემცირებას.
აუდიტორულმა ინსტიტუციებმა გამოავლინეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიგნება, მათ შორის რამდენიმე საკითხი საერთო აღმოჩნდა ყველა მონაწილე ქვეყნისთვის:
- წყალდიდობის პრევენციულ ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის სამართლებრივი და ორგანიზაციული ჩარჩოები ქვეყნებში დადგენილია, თუმცა საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები არ არის დეტალიზებული და საკმარისად დაზუსტებული.
- არ არის ეფექტიანი კოორდინაცია/კომუნიკაცია სისტემის სხვადასხვა სუბიექტს (უწყებებს) შორის; აღნიშნულის შედეგად გვიანდება პრევენციული და მზადყოფნის ღონისძებების განხორციელება, რაც ზრდის წყალდიდობის მოსალოდნელ ალბათობას;
- არ არის მკაცრად დაცული ევროპული და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები;
- წყალდიდობების პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების დაფინანსების სისტემები არ არის მდგრადი, გრძელვადიანი და ერთიანი სამოქმედო ჩარჩოს ნაწილი. ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა უწყების ბიუჯეტების ფარგლებში და ზოგიერთ შემთხვევაში კავშირი არ აქვს წინასწარ განსაზღვრულ გრძელვადიან ღონისძიებებთან.
- წყალდიდობის პროგნოზირების და საფრთხის შესახებ მოსახლეობის ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის გამოყენება აუდიტის მონაწილე ქვეყნებში, და მათ შორის საქართველოში, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.
კოორდინირებული აუდიტის შედეგად გაიცა რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს, პოლონეთის, სერბეთის, უკრაინის, ბელორუსისა და თურქეთის მთავრობებს პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების ეფექტიან მართვაში დაეხმარება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში EUROSAI-ისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში სამი საერთაშორისო აუდიტი ჩაატარა, მათ შორისაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც 15 პარტნიორი ქვეყანა მოიცვა და ტუბერკულოზის მართვის ეფექტიანობის აუდიტი, საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის მონაწილეობით, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწევდა.