სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო EUROSAI-ის XI კონგრესში, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
კონგრესს EUROSAI-ის წევრი 50-მდე ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.
პლენარულ სესიაზე EUROSAI-მ წარმოადგინა 2017-2024 წლების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ანგარიში, კომუნიკაციის განახლებული სტრატეგია და INTOSAI-სთან თანამშრომლობის საკითხები.
ცალკე პანელი მიეძღვნა გამოცდილების გაზიარებას EUROSAI-ის თემატური სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელების მხრიდან. სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამსახურმა უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების მართვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ორი ერთობლივი აუდიტი ჩაატარა − ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვისა და ჰაერის ხარისხის შესახებ.
კონგრესზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანამ, თურქეთმა თავმჯდომარეობა ჩეხეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებას სამი წლის ვადით გადასცა. ასევე კონგრესის დელეგატებმა შემდგომი თავმჯდომარე ქვეყანაც აირჩიეს, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლიდან შეუდგება. 2024-2027 წლებში EUROSAI-ის თავმჯდომარე ისრაელის უმაღლესი აუდიტორული ორგანო იქნება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან EUROSAI-ის XI კონგრესს ესწრებოდნენ: გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფო დვალიშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.
