უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) წამყვან დარგობრივ აუდიტორულ გამოცემაში - სამთავრობო აუდიტის საერთაშორისო ჟურნალის 2021 წლის გამოცემაში გამოქვეყნდა სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატია „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასება სახელმწიფო ვალის მართვის პრაქტიკებზე საქართველოში".
სტატიაში გაანალიზებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ 2020 წელს ჩატარებული „სახელმწიფო ვალის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები. ასევე, სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ვალის მართვის მნიშვნელობას ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მსოფლიოში პანდემიით წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ.
სტატია მკითხველს საშუალებას აძლევს მოკლედ გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც INTOSAI-ს სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის (WGPD) აქტიური წევრის გამოცდილებას და შეაფასოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლი სახელმწიფო ვალის მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.
ელექტრონული გამოცემის - „სამთავრობო აუდიტის საერთაშორისო ჟურნალი“ - მიზანია საერთაშორისო აუდიტორულ საზოგადოებას გააცნოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ახალი აქტივობები, ინოვაციური პროექტები და INTOSAI-ს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შედეგები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობა მსგავს თემატურ ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე საჯარო აუდიტის შესახებ დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.