სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული უწყების - საანგარიშო პალატის დელეგაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნეს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი და ელექტრონული სისტემა, აუდიტის მეთოდოლოგიები, სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის გამოცდილებები. პრეზენტაციები ასევე შეეხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე და სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშზე მოხსენების მომზადების მიდგომებსა და პრაქტიკას, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებს, კერძოდ, აუდიტის მართვის სისტემის (AMS-ის) პროცესების მოწყობას, სამუშაო პროგრამებსა და ჩაშენებულ სტანდარტულ დოკუმენტებს.
შეხვედრებზე აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებს ასევე გაუზიარეს გამოცდილება აუდიტორული საქმიანობის იურიდიულ ასპექტებზე. მათ შორის,სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცედურა; აუდიტორული მიგნებების მტკიცებულებებით გამაგრების პროცედურა და თანმხლები კონფლიქტები; სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა; მიდგომები ეფექტიანობის და შესაბამისობის აუდიტებით გამოვლენილი ხარვეზების მიმართ; როტაციის წესი და სხვა.
2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების თანამშრომლობა გამოცდილებების გაზიარებას და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ დეპარტამენტებში სასწავლო პრაქტიკა გაიარეს აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის აუდიტორებმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს აუდიტის მეთოდოლოგიების, შესყიდვების აუდიტის, საგარეო ვალის აუდიტის, IT აუდიტის, ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებზე.