სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოლდოველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს 29 ნოემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თანამშრომლობის და პარტნიორობის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (საანგარიშო სასამართლო) დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების სამუშაო პროცესს როგორც აუდიტორული, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების, ორგანიზაციული განვითარების და კომუნიკაციის მიმართულებით.  

მოლდოველი კოლეგები დაინტერესდნენ ქართული მხარის გამოცდილებით, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივის (INTOSAI IDI) მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასების პროცესში (SAI-PMF).

მოლდოვის საანგარიშო სასამართლოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დანერგილი პრაქტიკებიდან მათთვის ახალი ინსტრუმენტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, კერძოდ - აუდიტის მართვის სისტემის (AMS) და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მექანიზმების შესახებ. 

ქართველმა და მოლდოველმა კოლეგებმა იმსჯელეს რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვის, სახელმწიფო ბიუჯეტირების ანალიზის თემებზე. 

მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს სტრატეგია და პრაქტიკა პარლამენტსა და დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, აუდიტის ობიექტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, მედიასა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის შესახებ.