სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონღოლეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ეწვია.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოლეგებს პროგრამული ბიუჯეტირების, აუდიტის დაგეგმვის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სისტემების, ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკები და გამოცდილებები გაუზიარეს. ასევე, კოლეგებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის მზადყოფნის“ ეფექტიანობის აუდიტის (Performance Audit of Preparedness for Implementation Of Sustainable Development Goals) მიგნებები, გაცემული რეკომენდაციები და აუდიტის შედეგად მიღწეული შედეგები გააცნეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს სამსახურის მიერ დანერგილი აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (ARIS) და ბიუჯეტის მონიტორის ანალიტიკური პლატფორმა წარუდგინეს.
დელეგაციის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგია და საქმიანობის შეფასების SAI-PMF-ის შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივის (INTOSAI IDI) შეფასების მნიშვნელობაზე.
მონღოლეთის დელეგაცია საქართველოში გაეროს მხარდაჭერით იმყოფებოდა, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) პროგრამის „ბიუჯეტირება დასაქმების ტრანსფორმაციისთვის მონღოლეთში“ ფარგლებში.

